საკუთარი შემოქმედება


ჩემი ქალაქი

რა ნაზი და რა ლამაზი

ქალაქი ხარ პაწაწინა,

ქედუხრელი მიტომ დგახარ,

რომ მტერმა ვერ შეგაშინა.


ჩემს ქალაქზე ნაოცნებარს

გვიან ჩამძინებია,

სიზმრად ვნახავ გორისციხეს,

წამსვე გამღვიძებია!


მივიხედავ, მოვიხედავ,

დავინახავ მღვიძარეც,

იქვე ზოლად მირაკრაკებს

პაწაწინა მდინარე.


მოვლა სჭირდება ყველაფერს:

უზარმაზარს თუ მცირესა,

ჩვენი ქალაქის საგანძურს _

უძველეს გორისციხესა.

                      ლანა ჩერქეზიშვილი







გორი


პატარა არის ჩემი ქალაქი,

მაგრამ დიდია მისი ღირსება

დიდია მისი შემოქმედება,

დიდია მისი ხალხის მიღწევა.


სადაც არ უნდა გადავიკარგო,

იგი არასდროს დამავიწყდება,

მისი ყოველი კუთხე _ კუნჭული

ჩემი ფიქრიდან არ წაიშლება.


აქ ,, დედაენის’’ სუნთქვა ტრიალებს

და ,, აი ია’’ გულში იღვრება,

დაგვყურებს გორის ციხე ამაყად

ჩემი ქალაქის უტყვი დიდება.

                                     ნანული ტიტვინიძე









სინონიმი


უხდებოდა, მერე როგორ!

სკოლის ფანჯრებს დილა.

მერხებს შუა დაეძებდა

პედაგოგი სიტყვას:

_ თათარა და...

_ ფელამუში,

_ კომში ანუ?..

_ ბია!

ხოლო, როცა ყველაფერი

დაემსგავსა სიზმარს,

ვერ მოვძებნე სინონიმი

მაშინდელი დღისა!

                    ნატო თურმანიძე



                                                                 
                                                                          * * *


        ღამეა. . .ზეცას ჭორფლივით აყრია მოციმციმე ვარსკვლავები. ვზივარ ფანჯარასთან და ვუცქერ ქუჩაში ჩვეული რიტმით მიმავალ ხალხს. ქალაქს სევდანარევი ღიმილით დასწოლია ბინდი. წარსული, აწმყო და მომავალი. . . აი, რა დგას ჩემი ფიქრების ზღურბლზე.
        საოცარია გორი როდესაც თენდება. გაიღვიძებს ქალაქი . . .თოლიები აფარფატდებიან მტკვარზე და ჟღივილით გვამცნობენ დღის დადგომას, დღის, რომელსაც არ ვიცით რას მოგვიტანს, მაგრამ მაინც იმედის თვალით ვიხედებით წინ და ველით ახალი დღის დადგომას.
        მოგონებები ჯაჭვად იბმება და ვიხედები წარსულში. . .
       ლამაზია გორის ციხე დეკემბერში. მშვენიერია ქალაქი ზემოდან. წუთით სამოთხეში ხარ მოაზროვნე ადამიანი. სამყაროს იმდიდრებ ლამაზი ფერებით და ყოველივე ერწყმის წარსულს. კიაფობენ მოგონებათა გამები; არ შემიძლია ყველაფერს დავიწყების ჩრდილი მოვფინო, ვერ დავივიწყებ იმას, რაც ჩემი ხანმოკლე ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, რაც ძვირფასია ჩემთვის-ჩვენი ისტორია.
        მინდა ვიხეტიალო, დავაკვირდე ყველას და ყველაფერს, მოვუალერსო უძველეს შენობებს, ვისმინო ფოთლების ჩურჩული, დავათვალიერო ის, რაც უკვე ძველია და ისტორიის ფურცლებზეა აღბეჭდილი. მინდა ვიყვირო და ყველამ გაიგოს ჩვენი ქალაქის წარსული. . .
        ქალაქის ყველა კუთხე-კუნჭულიდან მოსჩანს გორიჯვრის გუმბათი, რომელიც ჩვენი მფარველია. ვხედავ თუ როგორ მოდუდუნებს მტკვარი და ლიახვი მშვიდად. ვგრძნობ, რომ გორის ციხის ნანგრევები გადმომცქერიან და მიღიმიან.
       სული კალაპოტიდან ამოვარდნას ლამობს, რათა თავის საზღვარში ვეღარ ეტევა, რაღაც სწყურია, რაღაც ამოძრავებს, ისეთი, რომელიც დაგვიბრუნებს სიმშვიდეს და ძველ დიდებას.
. . . ფოთლები ისევ ფარფატებენ, ფრინველებს მტკვარზე ნადიმი გაუმართავთ. ზემოდან კი სევდიანად იყურება ხავსმოკიდებულკედლებიანი გორის ციხე, რომელმაც უამრავ ქარტეხილს გაუძლო, მაგრამ მაინც ამაყად დგას ჩვენს იმედად.

                                                                                                               მარიამ კურტანიძე

Комментариев нет: