ინტერვიუ

                                                                         * * *

      დიდი ხანია, ჩემი თვალებიდან ასეთი ცრემლი არ წამოსულა. ახლა მოვხვდი, რომ ცრემლი ორგვარია: არის ცრემლი, რომელიც გულს გვერდს აუვლის და პირდაპირ თვალში წამოვა. ასეთი ცრემლებით ალბათ ყველას უტირია, მათ შორის მეც. ამ ცრემლმა, რომელზეც ახლა გიამბობთ, პირდაპირ გულში გაიარა, თითქოს რკინის თითებით გამოწურა სისხლი და თან გამოიყოლა, ეს თანაგრძნობის ცრემლებია.მოხუცის თანაგრძნობისა, რომელსაც დაუკარგავს ყველაზე მთავარი, რომელიც დიდ მონაპოვრად მიაჩნდა, რომელსაც ყველაზე მეტად უფრთხილდებოდა, მაგრამ ამაოდ. . .
    გორიდან ათიოდე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს ულამაზესი სოფელი ხელთუბანი. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აგვისტოს ცხელ დღეებში არც რუსებს უთქვამთ უარი ამ შესანიშნავ სოფელზე, გულგრილად გვერდი ვერ აუვლიათ და გემრიელად მიურთმევიათ იქაური ხილი
    ჩვენი რესპოდენტი, ოთხმოცდაორი წლის თალიკო ბებია ხელთუბნის მკვიდრი გახლავთ. იგი მეტად ხმაურიანი უბნის, ერთ _ ერთ პაწაწინა სახლში ცხოვრობს მარტოდმარტო. მის კოხტა ოთახებში ძველ ნივთებსა და უამრავ საინტერესო საგანს შეხვდებით, მათ შორის წიგნებსაც.
   შემოდგომის ფოთოლს ვამსგავსე, ხიდან მოწყვეტილს, ღმერთს რომ მიწაზე დასაშვებად არ ემეტება და ჰაერში აფარფატებს. . .
    ასეთი ფარფატით შემოვიდა მეზობლის ეზოდან თალიკო ბებია. . .
   კიბეს მოუახლოვდა, მოაჯირს ჯერ თვალი შეავლო, მერე გულმოდგინედ მოეჭიდა და უკან მოიტოვა საფეხურები. ვინ იცის, რას ფიქრობდა მოხუცი. მოგვესალმა, გაგვიღიმა, შავი თავშალი მოიხსნა, გულში ჩამეღვარა მისი ჭაღარა. მოგვიბოდიშა, სავარძელში მოკალათდა და დაგვიწყო საუბარი.

_ გამარჯობა!

_ გამარჯობა გენაცვალე.

_ როგორ ბრძანდებით?

_ ეეეჰ! აბა, როგორ ვიქნები, ომის შემდეგა ჩემ სიცოცხლეს რაღა ფასი აქ.
ჩემი გოგოი სამუშაოთ წავიდა სამზღვარ გარეთა და არაფერი ვიცი, არცა რეკამს, არც იწერება. ვდარდობ, არაფერი მოიწიოს, ასაკიანია და თანაც ავანტყოფი.

_ ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად იქნება, ღმერთი გადმოგხედავთ.

_ გაიხარეით, შვილო, გაიხარეით, სამი ჩემდელი გეცოცხლოთ.

გვიყვებოდა თავის გასაჭირსა და სადარდელზე.
ფეხმძიმე მიუტოვებია ქმარს. ერთადერთ შვილს შეალია სიცოცხლე. მთხოვნელებიც ჰყოლია, მაგრამ შვილს არ უღალატა.
  ვუსმენდი და გულში საშინელ ტკივილს ვგრძნობდი, ტკივილს, რომლის განკურნებასაც ალბათ დიდი დრო უნდა. ოთარაანთ ქვრივს ვხედავდი მასში. რატომ იბადებიან ისეთი ადამიანები ამქვეყნად, რომლებიც სატანჯველად არიან მოვლენილნი?! აცრემლებული თვალებით გვიყვებოდა თავისი შვილის შესახებ ყველაფერს, გაჩენიდან ბოლო შეხვედრამდე. . .

(ვცადეთ საუბრის თემა შეგვეცვალა)

ამ დროს აივანს ჩიტი მოაწყდა. ჟივილ _ ხივილით აიკლო იქაურობა, თითქოს ჩვენი საუბრის მოსმენა უნდოდა. მოხუცი გამოელაპარაკა, მიუალერსა, გაუღიმა და ისევ მოგვიბრუნდა. მე ამ დროს შ. ნიშნიანიძის ერთი ლექსი გამახსენდა და გული დამიმძიმდა.

,, ამ ქუჩის ბოლოს,

ამ ქუჩის ბოლოს, ორი მოხუცი ცხოვრობს.
 მათი სახლ _ კარი მარტოობისგან დამსგავსებია სოროს.
ცაში ღრუბლებად გადაეშლება ქვეყნის ოთხივე კიდეს
რაც უფიქრიათ, რაც წაუკითხავთ, რაც სიზმრებიათ კიდევ. . .
გაიხსენებენ ახალგაზრდობას, როგორც შხაპუნა წვიმას,
მათი შვილების პატარაობას, ათას უბრალო წვრილმან
ფანჯრის რაფაზე ბეღურები და წამლის შუშები სხედან,
წიგნი, საქსოვი, ბანქოს ქაღალდი, ანიავებენ სევდას.
ამ ქუჩის ბოლოს,
ამ ქუჩის ბოლოს, ორი მოხუცი ცხოვრობს...
აქედან ვხედავ და უკვე მიყვარს ბევრი ჩვენგანის ბოლო,
მაგრამ ხანდახან ფიქრი შემიპყრობს და იმ დღეებზე ვდარდობ,
ამ ქუჩის ბოლოს ერთი მათგანი, როცა დარჩება მარტო’’.


_ თქვენი სოფლის შესახებ გვიამბეთ რამე.

_ რა გაინტერესებთ? მართალია, ხალისი არა მაქ, მაგრამა, ბავშვებს არ ეღალა-
ტებათ. რაც ვიცი, გეტყვით, მა რას ვქნაამ.
სოფლის სახელწოდებაი უკავშირდება ხევსა. წინათი სოფელსა ხევის უბანი ერქვა, მერე ხევთუბანი, ახლა კიდევა იცით რაცა ჰქვიან. სეითა დიდი ხევი ყოფილა, უწყლობი გამო ქვეით ჩამოვიდა მოსახლეობაი და დასახლდა აი, იმ მხარესა ( მიგვანიშნა ეკლესიის მხარეს).

_ თქვენს სოფელში და საერთოდ, შიდა ქართლში რომელ კერძს ანიჭებენ უპირატესობას?

_ აქა უყვართ ოსური ხაჭაპური და შეჭამანდები.

_ იქნებ გვიამბოთ როგორ კეთდება ოსური ხაჭაპური ან შეჭამანდი?

_ კი გიამბობთ, შვილო, მაგრამა, ხო ჯობდა გამეკეთებინა და გეცქირათ თქვენა.... ეეეეჰ, რა ფინთი დრო მოვიდა, სტუმარსა ასე ვინ გაუშვებდა ძველათა?!

-რა საქმიანობას მიჰყვებიან თქვენს სოფელში?
_ ძირითადათ მესაქონლეობაი, შიგადაშიგ ხილიც მოყავთ, ნთიანი მხარეა და ყველაფერი არა გვააქ, ისე როგორცა ცხინვალისპირა სოფლებშია.

_ დიდი მადლობა ასეთი გულთბილი საუბრისათვის. კარგად ბრძანდებოდეთ. ღმერთმა ქნას, მალე შეხვედროდით თქვენს ერთადერთ შვილს.
     მერე თბილად, როგორც მოხუცებს სჩვევიათ, გამოგვემშვიდობა და ისევ ფარფატით გაუყვა გზას. . .
    ისევ შემოდგომის ფოთოლს ვამსგავსე, მოფარფატესა და საყვარელს. . .
ღმერთს ძირს დასაშვებად რომ არ ემეტება. . .

. . .

  მისი ერთადერთი შვილი, მარიამი, შვილმკვდარი, ქვრივი და ობოლი ქალი, აგვისტოში ჭურვის მსხვერპლი გამხდარა. . . საჩქაროდ გაუხვევიათ მეზობლებს ზეწარში და სოფლის სასაფლაოსაკენ გაუქანებიათ. ვერ დაიტირა დედამ ერთადერთი შვილი, უფრო მეტიც, არც კი გააგებინეს მარიამის გარდაცვალება. უთხრეს საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდაო. მოხუციც ზის და ელოდება, როდის დაურეკავს სიმწრით გაზრდილი შვილი ,,საზღვარგარეთიდან’’.

. . .

  ახლახანს გავიგე, რომ შვილის მომლოდინე საბრალო მოხუცი გარდაცვლილა. გული დამწყდა, ცხოვრებისაგან დაბეჩავებული, მარტოობით დაღლილი ქალი, თავისი ერთას მსგავსად, სამადლოდ დაასაფლავეს მოწყალე მეზობლებმა მარიმის გვერდით.
  ახლაც მოფარფატე ფოთოლს ვამსგავსებ, ოღონდ, ფარფატითა და მტვერში წრიალით დაღლილი, როგორც იქნა ღმერთმა ძირს დასაშვებად რომ გაიმეტა, უფრო სწორად, დასანარცხებლად. . .

აცხონე, უფალო, თალიკო ბებიას სული. . .

Комментариев нет: